სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს მიულოცა მაგისტრატურის დასრულება და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
მეთაურმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ პროგრესსა და სიახლეებს, რაც აკადემიაში ხორციელდება და აღნიშნა, რომ აკადემია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უკვე არსებული სამაგისტრო პროგრამების განვითარებას.
სიტყვით გამოსვლისას მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაგისტრატურის აკადემიურ პერსონალს, პირად შემადგენლობას და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების, სახელმწიფო რესურსების მართვის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები წელს 40 - მა მაგისტრანტმა დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კურსდამთავრებულებს შორის პირველად არიან სამოქალაქო პირები რომლებიც არ მუშაობენ არცერთ სახელმწიფო უწყებაში.
ღონისძიების დასასრულს მეთაურმა მაგისტრატურის პირადი შემადგენლობა და პროფესორ-მასწავლებლები დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრით და ,,საპატიო სიგელი''-თ დააჯილდოვა.