სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აკადემიის მეთაურის თანაშემწემ შორენა პაიჭაძემ შეხვედრები გამართა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ბატონ გიორგი ბერძნიშვილთან, კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ქალბატონ ნათია ილურიძესთან, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ბატონ ზვიად გოგუაძესთან და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ქალბატონ მარიამ საზანდრიშვილთან.
შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა აკადემიასა და საგანმანათლებლო რესურცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების მომზადების, გაფორმებისა და შემდგომი აღსრულების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნული მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის აკადემიის ხელმისაწვდომობის გაზრდას, აკადემიური და სამხედრო განათლების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდებში აკადემიის მიმართ ინტერესის გაძლიერებას.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და სრული მზადყოფნა, გააგრძელონ კომუნიკაცია და ერთობლივად დაგეგმონ ისეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს აკადემიის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი ურთიერთობის გაძლიერებას.