ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი მიღწევების გზაზე განსაკუთრებული სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოავლინა, დაეხმარა სხვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დაძლია სირთულეები და ხელი შეუწყო სპორტის განვითარებას, როგორც რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საშუალებას.
კაპრალი დადიანი, როგორც ადაპტირებული სპორტის სპეციალისტი, აქტიურად უჭერს მხარს თანამებრძოლებს, მათ შორის მძიმე დაზიანებების მქონე პირებს, სპორტულ აქტივობებში ჩართულობისა და რეაბილიტაციის პროცესში.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, „სამეფო საზღვაო კოლეჯში“ გაიმართა. ჰენრი ვორსლის ჯილდო თემურ დადიანს სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ, მაქს და ალისია უორსლისებთან ერთად გადასცა.