დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა დისტანციური სწავლების რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და მომავალი“.
კონფერენცია გაიმართა ერთდღიანი ჰიბრიდული ფორმატით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა, აგრეთვე უნგრეთის ლუდოვიკას უნივერსიტეტის სამხედრო მეცნიერებისა და ოფიცერთა მომზადების ფაკულტეტის დისტანციური სწავლებების მიმართულების უფროსმა და სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის წარმომადგენელმა.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აკადემიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა დისტანციური სწავლების განვითარების მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვის განათლების სისტემისთვის და განსაკუთრებით გამოყო მისი როლი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესში.
მომხსენებლებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხები სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები, ციფრული სასწავლო პლატფორმებისა და სწავლების მართვის სისტემების როლი, კიბერუსაფრთხოების რისკები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, დისტანციური სწავლების გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები.
აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხედრო მიმართულების განათლების სფეროსთვის, სადაც ხარისხიან სწავლებასთან ერთად ინფორმაციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონფერენცია გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამხედრო განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვაში.