სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ მონაწილეობა მიიღო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ ეთნოფესტივალში.
ეთნოფესტივალის ფარგლებში აკადემია სტუმრებს საკუთარი საგამოფენო-საინფორმაციო სივრცით წარუდგა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ აკადემიის საქმიანობას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და მომავალი ოფიცრის პროფესიულ განვითარების პერსპექტივებს.
ღონისძიებაში აკადემიის მონაწილეობა ხელს უწყობს ინსტიტუციის ცნობადობის ამაღლებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებასა და აკადემიის პოპულარიზაციას.
ეთნოფესტივალში აკადემიის ჩართვის ინიციატორი იყო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი შორენა პაიჭაძე, რომლის ინიციატივაც მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა აკადემიის ღონისძიებაში მონაწილეობისა და ფართო საზოგადოებისთვის მისი საქმიანობის გაცნობისთვის.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს აკადემიისა და საზოგადოების დაახლოებას, ეროვნული ფასეულობების განმტკიცებასა და ახალგაზრდებში სამშობლოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღრმავებას.