სიახლეები

დაჯილდოების ცერემონია

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის პირველკურსელი იუნკერები, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ აკადემიაში გამოცხადდნენ.

აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, პირველკურსელ იუნკერებს აკადემიაში დაბრუნება მიულოცა და სამხედრო განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებები უსურვა. მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და თავდადების მნიშვნელობას მომავალი ოფიცრების ჩამოყალიბების პროცესში.

გასული თვის განმავლობაში სანიმუშო დისციპლინის, სწავლისა და ფიზიკური მომზადების მაღალი დონის გამოვლენისთვის, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ პირადი საჩუქრები გადასცა ორ იუნკერსა და ერთ მსმენელს.

დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის მეთაურმა პირადი საჩუქრები და „საპატიო სიგელები“ გადასცა ოთხ სამხედრო მოსამსახურესა და რვა სამოქალაქო პირს.

ღონისძიების დასასრულს, წარჩინებულმა იუნკერებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.