აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბაქოს თავდაცვის უნივერსიტეტში, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების სამმხრივი ფორმატის შეხვედრები გაიმართა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკადემიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებზეც განხილული იყო სამხედრო და აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო პროცესის თავისებურებები, საერთაშორისო აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დელეგაციები გაეცნენ ბაქოს თავდაცვის უნივერსიტეტის სასწავლო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, სამხედრო განათლების მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პრაქტიკას.
სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებაში.