დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
ორდღიანი გამოფენის ფარგლებში, ეთა-ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს მომავალ მსმენელებთან პირისპირ გასაუბრების საშუალება მიეცათ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ზურაბ აგლაძემ აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს. მომავალ სტუდენტებს სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.
გამოფენის დასრულების შემდეგ, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტები უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს ესტუმრნენ და აკადემიის ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს. ახალგაზრდებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზეც მიიღეს.