დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება იწყება.
დღეს აკადემიას სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ. "ღია კარის დღე" სპეციალურად იმ აბიტურიენტებისთვის გაიმართა, რომლებიც აკადემიაში სწავლის გაგრძელებით დაინტერესდნენ. ახალგაზრდებს აკადემიის იუნკერებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობებზე ესაუბრნენ. აბიტურიენტებმა მისაღები გამოცდების, აკადემიაში სწავლისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან იწყება და 18 ივნისს დასრულდება. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი ქართული ენის, ზოგადი უნარების, უცხო ენისა და მათემატიკის ჩაბარება მოუწევთ.
აკადემიაში მიღება მენეჯმენტის და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე ხორციელდება. 2014-2015 აკადემიური წლისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემია 180 მსმენელს მიიღებს. მსმენელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. აკადემიის კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას მიიღებს.
აკადემიაში სწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება.