ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მასშტაბური საველე სწავლება გაიმართა. წვრთნაში „პრაქტიკული საველე სიტუაციური სწავლება ძალების მიზიდვით“ ჩართული იყო პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის გაძლიერებული მოტორიზირებული ასეული. ეს ის ქვედანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) ჩასართავად ემზადება.
მანევრის საკარიერო კურსის მსმენელებმა, ასმეთაურის რანგში, დაგეგმეს ამოცანა, რომელიც მოიცავდა დასახლებულ პუნქზე შეტევას. მსმენელების მიერ დაგეგმილი დავალება კი ასეულმა შეასრულა, რაც კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებმა შეაფასეს. შეფასდა, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ხარისხი.
მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფებისათვის ასეულის მეთაურების, ასევე, ბატალიონებისა და ბრიგადების შტაბის ოფიცრების მომზადება.
წვრთნები ორ ეტაპად - ასეულისა და ბატალიონის დონეებზე ხორციელდება. კურსის გავლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა დანაყოფში შესაბამისი თანამდებობა დაიკავოს. კურსზე სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან არიან მივლინებული. კურსის ფარგლებში, თეორიული მომზადების შემდეგ ისინი ასეულის მართვას და საბრძოლო ამოცანის შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებენ. სწავლების დასრულების შემდეგ მოხდება მსმენელების ინდივიდუალური შეფასება. მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 17 იანვარს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება.