დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სკოლის მესამე გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული სკოლა 31 მსმენელმა დაამთავრა.
ცერემონიალის დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ღონისძიების წამყვანმა მოწვეულ სტუმრებს სკოლის საქმიანობა და განხორციელებული ცვლილებები გააცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ ქაროსანიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ს თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს.
სამეთაურო-საშტაბო სკოლის ხუთ წარმატებულ კურსდამთავრებულს სამკერდე ნიშნები ქალბატონმა თამარ ქაროსანიძემ გადასცა, მათ ასევე გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის „ქართული ერის ისტორიის“ ხუთტომეული. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა და ბატონმა ზურაბ აგლაძემ კურსდამთავრებულებს სამკერდე ნიშნები გადასცეს.