საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ.
დღეს, ამერიკელ სტუმართან ერთად ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქაროსანიძე. სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა.
აშშ-ის არმიის მდივანს საშუალება მიეცა გაცნობოდა აკადემიის ისტორიას, სტრუქტურას, არსებულ სამხედრო და სამოქალაქო სკოლებს, ასევე დაჭრილ მებრძოლთა პროგრამასა და აკადემიის სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ხვალ, აშშ-ის არმიის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ნატოს სამიტის შედეგად საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ამერიკული მხარის ჩართვა. ჯონ მაკჰიუ ასევე გაემგზავრება, გმირთა მოედანზე და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
აშშ-ის არმიის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 22 სექტემბერს დასრულდება.