დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიტვის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელები. ლიტველ სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა.
ლიტვის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ლიტველ სტუმრებს აკადემიაში არსებული სამხედრო სკოლების მისია, საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
დღესვე, საქართველოსა და ლიტვის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ და ლიტვის სამხედრო აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ეუგენიუს ვოსილიუსმა მოაწერეს.
აღნიშნული დოკუმენტი სამხედრო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას, მსმენელებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ლიტველმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.