საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 111 ოფიცერი შეემატა.
მათ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ღვთისა და ერის წინაშე ოფიცრის ფიცი დადეს. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭებათ.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ უმცროს ოფიცრებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამ ადამიანებს შეიარაღებული ძალების რიგებში შესვლა. ასევე შეიარაღებულ ძალებსაც ვულოცავ ახალ შევსებას. დღეს, 111 ოფიცერი შეემატა ოფიცერთა კორპუსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ძლიერი ოფიცერი ძლიერ შეიარაღებულ ძალებს ნიშნავს. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ცოტა ხანში კიდევ ერთ შევსებას ველოდებით. ოფიცერთა კორპუსის მომზადება ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ასევე, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
აკადემიის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პირადი შემადგენლობა აკადემიის მოძღვარმა, მამა თადეოზმა დალოცა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს, აკადემიისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ოფიცერთა მომზადების კურსი 25 კვირას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მსმენელები სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას დაეუფლნენ. დღეიდან კურსდამთავრაბულები სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.