საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის ოპერატიული, გაერთიანებული და ნატოს დონის ოპერაციების დაგეგმვის კურსის უფროსმა ინსტრუქტორმა, პოლკოვნიკმა არჩილ ჩაჩხიანმა სამხედრო-ისტორიული ხასიათის წიგნი „რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლები)“ დაწერა.
ავტორმა 1918-1920 წლებში აფხაზეთსა და შავიზღვისპირეთში ქართული შენაერთების საბრძოლო მოქმედებები მეცნიერულ ჭრილში მიმოიხილა.
წიგნი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და მეცნიერ-ისტორიკოსებისთვის, აგრეთვე სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი.
წიგნის პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები.