სიახლეები

იუნკერების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი

თავდაცვის სამინისტროში, დღეს, 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კახა ოქროჯანაშვილმა სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. 

1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმაც მიაგეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დაღუპული იუნკერების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქვაჯვარი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან არის აღმართული. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული.

დღესვე, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კოჯრის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა არონმა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ იუნკერების მემორიალთან მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა კახა ჩიქოვანმა გვირგვინით მონასტრის ტერიტორიაზე ის ადგილი შეამკო, სადაც წლების წინ იუნკერების მემორიალი იყო. იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მონასტრის მრევლიც დაესწრო.

ღვთისმსახურებმა რამდენიმე წლის წინ მონასტრის ტერიტორიაზე ნატაძრალი და ძველი საფლავები აღმოაჩინეს. 
ადგილობრივების გადმოცემით, საფლავები იუნკერების იყო. მონასტერში მოღვაწე ბერები და მრევლი ნატაძრალის ადგილას იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის აშენებასა და იუნკერთა მემორიალის მოწესრიგებას გეგმავს. 

იუნკერების ხსოვნას მიეძღვნა თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართული სპექტაკლი - „სამშობლოს გმირები სჭირდება“. დადგმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელებმა წარმოადგინეს.