სიახლეები

აკადემია სტუდენტთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-5 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 

ორდღიანი გამოფენის ფარგლებში, ეთა-ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს მომავალ მსმენელებთან პირისპირ გასაუბრების საშუალება მიეცათ. 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა და რექტორის მოადგილემ, ერეკლე ჩიგოგიძემ აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს. მათ მომავალ სტუდენტებს სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა იუნკერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

6 მარტს 14:00 საათზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ საბაკალავრო სასწავლო პროგრამებს და ადგილზე დაათვალიერონ აკადემიის ინფრასტრუქტურა.