დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული დასრულდა. ღონისძიების დასკვნით ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. მათ ქართველ იუნკერებსა და უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელებს სიტყვით მიმართეს და კვირეულში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ-ის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები სტუმრობდნენ. ქართველ იუნკერებთან ერთად, უცხოელმა კურსანტებმა სხვადასხვა სახის აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოინახულეს და მათ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
საერთაშორისო კვირეულის მიზანს უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელთათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და ზოგადად, საქართველოს გაცნობა წარმოადგენდა.