ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ. ტურნირში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.
სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს ვაზიანის სასროლეთზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ უმასპინძლეს.
შეჯიბრის დაწყებამდე იუნკერებს IV მექანიზირებული ბრიგადის ინსტრუქტორებმა სასროლეთის უსაფრთხოების წესები გააცნეს. მონაწილეები ერთმანეთს მოიერიშე შაშხანა „M4“ და „ბარაკის“ ტიპის პისტოლეტიდან სროლაში შეეჯიბრნენ.
დღესვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის ჩვენება გაიმართა.
შეჯიბრი იუნკერებს შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით გაიმართა.