სიახლეები

კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვება

დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის 2015 წლის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამოცდათოთხმეტმა სამხედრო მოსამსახურემ კაპიტნის საკარიერო სკოლაში - მანევრის, დაზვერვის, პერსონალის, ლოგისტიკის, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და საჰაერო თავდაცვის საკარიერო კურსები გაიარა.

ცერემონიალის დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ მიულოცეს. 

კაპიტნის საკარიერო სკოლის ოთხი წარჩინებული კურსდამთავრებული დიპლომებითა და საჩუქრებით გენერალური შტაბის უფროსმა დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებმა კი კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს.

ცერემონიალის დასასრულს, კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესიკ ნებაძემ სკოლის ინსტრუქტორები კურსების წარმატებით ჩატარებისთვის სამხედრო თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრა.