დღეს 105 ახალგაზრდამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება ცაში ქუდების სროლით აღნიშნა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ იუნკერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ცერემონიალი ფიცის მიღებით გაგრძელდა. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 105-მა იუნკერმა დადო. ისინი სხვადასხვა სამხედრო სპეციალობის მიხედვით კურსების გავლის შემდეგ გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცეს და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს. პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.
„მნიშვნელოვანია, როდესაც თავდაცვის აკადემიაში კურსანტები ასრულებენ სრულ სასწავლო ციკლს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს იუნკრების პირველი გამოშვებაა. გაცილებით დიდია მათზე პასუხისმგებლობა, მათ მიმართ მოლოდინი. შემდეგი თაობები მათი შემყურენი არიან. როგორი იქნება ეს 105 ახალგაზრდა, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ აკადემიის კურსანტების შემდგომი თაობების ბედს. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ქვეყნის გარეთ და მეტად პროფესიონალები დაუბრუნდებიან ქვეყანას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ.
კურსის მნიშვნელობასა და სათანადო სასწავლო პროცესზე გაამახვილა ყურადღება გენერალური შტაბის უფროსმა. „შესანიშნავი დღეა ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. უკვე გვყავს ოფიცრები, რომლებმაც დაასრულეს 4-წლიანი კურსი, მათ შორის არიან უმაღლესდამთავრებულები, რომლებმაც ერთწლიანი კურსი გაიარეს. სწორად დაგეგმილმა სასწავლო პროცესმა მოგვცა საშუალება, მიგვეღო კარგად მომზადებული, მოტივირებული ოფიცრები“,- განაცახადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
აკადემიის იუნკერთა პირველი გამოშვების ღონისძიების პატივსაცემად კომპოზიცია შეასრულა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრმა.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება. ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების ოთხწლიანი პროგრამა 2011 წელს განახლდა. საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე 147 იუნკერი ჩაირიცხა, მათგან აკადემიაში სწავლა 134-მა იუნკერმა განაგრძო. კურსი დაამთავრა 105-მა იუნკერმა, მათგან 39-მა მიიღო ინფორმატიკის ბაკალავრის დიპლომი, ხოლო 66 იუნკერმა - მენეჯმენტის.
მაღალი რეიტინგის მქონე იუნკერებს კურსის დამთავრების შემდეგ საშუალება ეძლევათ, სწავლა ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წამყვან სამხედრო სასწავლებლებში განაგრძონ.