„გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ - ამ სახელწოდების სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო სემინარის მიზანია მოამზადოს ტრენერები, რომლებიც სასაწავლო კურსებს შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, განსაკუთრებით, გადასროლისწინა სწავლების დროს ჩაუტარებენ.
მსმენელები გენდერის საკითხებში ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების მეთოდოლოგიას შეისწავლიან. კურსის მთავარი თემებია: სამშვიდობო ოპერაციებში გენდერის საკითხები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები (1325, 1820, 1888, 1989, 1960, 2106, 2022), ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივა (NATO Bi-SC Directive 40-1), შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინება და სხვ. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით 16-24 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება. კურსი შვედეთის სამეფოსთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ტარდება და მას „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრი“ ახორციელებს. სემინარებს უძღვებიან ნორვეგიელი, ფინელი და შვედი ინსტრუქტორები, ასევე, ექსპერტები ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, მაკედონიასა და მონტენეგროდან. სწავლება რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთისა და დანიის 14 წარმომადგენელი მონაწილეობს.
თავდაცვის უწყებიდან სწავლებაში ის თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებიც სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.