სიახლეები

ანა დოლიძის ლექცია „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ესტუმრა. ანა დოლიძემ კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს ლექცია წაუკითხა, რომლის თემატიკა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარება იყო. შეხვედრა „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ანა დოლიძემ სამხედრო მოსამსახურეებს ის პრეცედენტები გააცნო, რომლის დროსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა არ აღიარა. ლექცია აკადემიაში ინტელექტუალური მსჯელობის განვითარებას ემსახურებოდა. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია, თავდაცვის აკადემიის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცევა. „ თავდაცვის აკადემიაში „სპიკერების პროგრამა“ გააქტიურდა. მე ამ პროგრამის ნაწილის სახით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარებასთან დაკავშირებით ლექცია წარვადგინე. ეს არის მხოლო და მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი სპიკერი. ამ ყველაფრის მიზანია შემოვიტანოთ სხვადასხვა თემატიკა და თავდაცვის აკადემიაში იყოს უფრო მეტი ინტელექტუალური მსჯელობა, რატა გადავაქციოთ იგი უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებად. თავად დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საქართველოს საგარეო და თავდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ჩვენი კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას, რაც განათლების ამოსავალი წერტილია“, - განაცხადა დოლიძემ. 

ლექცია ორ ნაწილად წარიმართა. პირველ ნაწილი მინისტრის მოადგილის პრეზენტაციას დაეთმო, რის შემდეგაც ანა დოლიძესა და კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები, განსაკუთრებით, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესდნენ.