დღეს თბილისში რიგით მეოთხე „თბილისიმარათონი“ გაიმართა. გარბენში საქართველოს შეიარაღებული ძალების, დაახლოებით, 300 წარმომადგენელი, ასევე, ქართველი და უცხოელი მოხალისეები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა, დაჭრილმა ჯარისკაცებმა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმა ნახევარმარათონი (21,097 კმ) და 10 კილომეტრიანი გარბენი შეასრულეს.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება.
„თბილისიმარათონმა“, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, სტარტი I კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო და იმავე ადგილას დასრულდა. გარბენის მარშრუტი თბილისის ძირითად ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს მოიცავდა. პირველობისათვის ერთმანეთს 2 000-ზე მეტი მოხალისე შეეჯიბრა.
ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდა. სოციალური პროექტის ორგანიზებაში „ჰაიდელბერგცემენტმაც“ მიიღო მონაწილეობა. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით ქალაქ რუსთავში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის გაფართოება-კეთილმოწყობას მოხმარდება.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. ღონისძიება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.