სიახლეები

სემინარი ჰუმანიტარული განაღმვის საკითხებზე

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში სემინარი ჩატარდა. სემინარის დროს აკადემიის 20 იუნკერმა პროექტის მიმდინარეობის, მისი სამხედრო, ტექნიკური და ჰუმანიტარული ასპექტების შესახებ ინფორმაცია ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს, მესანგრეთა ასეულისა და სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებისგან მიიღო. კურსის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შეძენილი და შეჯავშნილი ტექნიკაც დათვალიერეს.

გაცნობით ხასიათის სემინარი ჰუმანიტარული განაღმვის საკითხებში ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში დაიგეგმა. პროექტს, რომელიც ქართული მხარის თხოვნით მომზადდა და 2014 წლის მაისში დაიწყო, ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანს სკრაში 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ტერიტორიის საფრთხეებისგან გაწმენდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ასეულის შემდგომი წვრთნა და აღჭურვა წარმოადგენს.

სემინარი ნატოს კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსსტც „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.