სიახლეები

დებატების პროგრამა შეიარაღებულ ძალებში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ახალი პროექტი - „დებატების პროგრამა“ დაიწყო. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალ ლიდერებს დისკუსიის, მჭერმეტყველებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებაში. 

საპილოტო პროექტი „დებატები“, პირველად ნატოში ინტეგრაციის თემაზე დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრნენ.

„სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დებატი, მეტი ექპერიმენტი და მეტი შესაძლებლობის მიცემა სტუდენტებისათვის. მათ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა თავისუფალ რეჟიმში ისაუბრონ, იკამათონ და იდებატონ ისეთ თემებზე, რომელიც არ არის ე.წ. კონვენციურ სასწავლო გეგმებში. ნატოს საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ მეორე სისტემად შემოვიტანეთ სტუმარი ლექტორის ლექციების სერია. როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ბევრი პროფესიონალი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოვიყვანოთ აკადემიაში და მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება ისაუბრონ ყველაფერზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარ კარიერასთან და მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მათგანი მყარი გადაწყვეტილებით დარჩეს შეიარაღებულ ძალებში. სამწუხაროდ თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს წავიდეს ჯარიდან ამაშიც იყვნენ საბოლოოდ ჩამოყალიბებულნი. ასეთი ღონისძიებების ამოცანა სწორედ ეს არის“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

დებატებში - „საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი“ აკადემიის სხვადასხვა საფეხურის კურსანტები იღებდნენ მონაწილეობას. იუნკერებით დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ შვიდ განსხვავებულ თემაზე გამართა დისკუსია. თითოეული გუნდი როგორც ინტეგრაციის მომხრე, ისე საწინააღმდეგო პოზიციების დამტკიცებას ცდილობდა. ორი საუკეთესო მოდებატე, საუკეთესო გუნდი და ჟიურის სიმპატია კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჟიურის წევრები იყვნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ელენე გოცაძე და დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი რუხაძე. 

„საპარლამენტო დებატები“ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განათლების სფეროში გავრცელებული შეჯიბრია. გარდა იმისა, რომ დებატები ანვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ის ხელს უწყობს ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, ასევე დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და კონკრეტული საკითხის კვლევის უნარებს. 

დებატები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა თემებზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეგულარულად გაიმართება.