სიახლეები

დისკუსია ეროვნული უსაფრთხოების თემებზე

ტერორიზმის ახალი ტალღა და საერთაშორისო უსაფრთხოების შეცვლილი არქიტექტურა; ნატოს როლის ახლებური გააზრება და შესაძლო გავლენა გაფართოების პოლიტიკაზე, ISIS და საქართველო, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და უსაფრთხოების კიბერგანზომილება - ეს ის მთავარი თემებია, რომლის შესახებაც თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართული შეხვედრაზე ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თემებსა და გამოწვევებზე დღეს დისკუსია გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს უმასპინძლეს. დისკუსიაში კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურების ერთმანეთთან და სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება და რადიკალური ისლამის გამოწვევა, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. 

„მნიშვნელოვანია დიალოგის მუდმივ რეჟიმში ყოფნა სამოქალაქო სექტორთან. თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მხარდამჭერი უწყება და ადგილია ამგვარი დიალოგის წარმოებისთვის. მოხარული ვართ, რომ საინტერესო აზრები გამოითქვა. კარგია, რომ სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთად მსჯელობენ, რა ტიპის კომუნიკაციით უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო რადიკალიზმის გავრცელებას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სხვადასხვა უწყებებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა პოზიციებისა შეჯერებისა და ერთობლივი გეგმების შემუშავების მნიშვნელობაზე ასევე გაამახვილა ყურადღება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ. მისივე განცხადებით, თავდაცვის უწყების ორგანიზებული შეხვედრის მიზანი, სწორედ, უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დისკუსიის მხარდაჭერაა.

„ტერორიზმის საფრთხესთან გამკლავებას მხოლოდ ერთი უწყება ვერ შეძლებს. საერთო გეგმების შემუშავების პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების ჩართვა არის საჭირო. ეს გეგმები საშუალებას მოგვცემს, დავუპირისპირდეთ საფრთხეს და დავამარცხოთ ერთობლივად. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების პოზიციების გაცნობა. იმედია, ეს შეხვედრა მოგვცემს საშუალებას, სამომავლოდ შევიმუშაოთ ერთობლივი ღონისძიებები“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.