კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხუთდღიანი ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და კურსის ხელმძღვანელმა თეა ნიკოლაშვილმა კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
დღესვე სამუშაო ჯგუფებად დაყოფილმა კურსის მონაწილეებმა სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
სემინარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კურსის განმავლობაში ისინი თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და გამოწვევებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნენ. მონაწილეებმა პანელების მომხსენებლებთან ერთად თემატურად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმის ახალი ტალღა და შესაძლო გავლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ხედვები ვარშავის სამიტის წინ, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, კანონის უზენაესობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ორგანიზებით მეოთხედ ჩატარდა. სემინარის მხარდამჭერები საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები იყვნენ.