დღეს, კაპიტნის საკარიერო სკოლაში 2015 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი და არსებული კურსების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა 2015 წლის სასწავლო პროგრამები, გამოვლენილი პრობლემური საკითხები, მათი გადაჭრისა და პროგრამების დახვეწის გზები. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის სასწავლო პროგრამების განახლებას.
კაპიტნის საკარიერო სკოლის პროგრამა წარმოადგენს ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების II საფეხურს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს მიიღონ ტაქტიკური დონის განათლება. ამჟამად, სკოლის შემადგენლობაში შედის 9 გვარეობის კურსი: მანევრის, არტილერიის, საინჟინრო, ლოგისტიკის, პერსონალის, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის კაპიტნის საკარიერო კურსები.