სიახლეები

სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელების სტაჟირება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის სენ-სირის სამხედრო სკოლის ორი მსმენელი, ლეიტენანტი ჟან-ფრანსუა ფრაისი და ლეიტენანტი მარი ლე გორეკი.

სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებთან ერთად გაივლიან ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებსა და საველე პრაქტიკულ სწავლებას. ფრანგმა ლეიტენანტებმა, ასევე მონაწილეობა მიიღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამხედრო სროლებში.

სტაჟირების ფარგლებში, მსმენელებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. ისინი ესტუმრებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

დღეს, ფრანგი ლეიტენანტები აკადემიის იუნკერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.  სამეთაურო-საშტაბო სკოლის ინსტრუქტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ყალიჩავამ სტუმრებს საქართველოს ზოგადი ისტორიაც გააცნო.