საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „ცოდნის კვირეული“ გახსნა. მინისტრმა პანკისელი ახალგაზრდებისთვის ხეობაში სტუმრობის დროს მიცემული პირობა შეასრულა და კვირეულის ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „ღია კარის“ დღეზე, სწორედ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრებს აკადემიის ისტორია, სასწავლო პროგრამები და მიღების პირობები იუნკერმა გიორგი ფერაძემ პრეზენტაციის ფორმატში გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა და აკადემიის წარმომადგენლებმა საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვისა და სწავლების თემაზე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
„დაახლოებით სამასი ბავშვი ჩამოვიდა ახმეტის მუნიციპალიტეტიდან. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. დღეს დავიწყეთ ცოდნის კვირეული, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ. სიმბოლურად, გვინდოდა, რომ ეს კვირეული, პანკისის ხეობიდან და, საერთოდ, ახმეტის რაიონიდან თავდაცვის აკადემიაში ჩამოსულ მომავალ კურსანტებთან შეხვედრით დაგვეწყო. კვირეულის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. ჩვენი ამოცანაა, რესურსი, რომელიც გააჩნია თავდაცვის სამინისტროს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს მოსახლეობის მიერ და მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას , რომ მათი შეიარაღებული ძალები, მათი თავდაცვის უწყება გადასახადების გადამხდელებისგან გადახდილი თანხებით ემსახურება საქართველოს, მათ შორის - ცოდნის ამაღლებით. მივესალმები ამ ბავშვების აქტიურობას. მე, ჩემი მხრივ, შევასრულე პირობა, პირობა შეასრულეს მათაც და ნამდვილად გვაჩვენეს, რომ ინტერესი ძალიან მაღალია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა მოსწავლეებმა იუნკრებთან ერთად ისადილეს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მოგვიანებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ზაზა ფირალიშვილისა და უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასის აკადემიის ინსტრუქტორ-ანალიტიკოსის, თადარიგის პოლკოვნიკ ბატონ ზურა მხეიძის ლექციას დაესწრნენ. ლექციების თემატიკა სიცრუის თეორია, ტყუილის ამოცნობა, ემოციების მართვა და გავლენის მოპოვება იყო.
„ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გორის გარდა თბილისში და საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.
„ცოდნის კვირეული“ 25 თებერვალს დასრულდება. ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სამხედრო განათლების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, 1 თებერვალს დაწყებული საინფორმაციო შეხვედრები კი 18 მარტამდე გაგრძელდება.