სიახლეები

საჯარო ლექცია-დისკუსია წიგნის სახლში ლიგამუსი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საჯარო ლექცია-დისკუსია - „1921 წლის თებერვალი-მარტი - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“ გაიმართა. ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად საჯარო ლექცია-დისკუსიას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები ესწრებოდნენ.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომში ქართული არმიის შეიარაღების შესახებ მსმენელებს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიანტმა დიმიტრი სილაქაძემ მიაწოდა. ისტორიის დოქტორმა მიხეილ ბახტაძემ სტუდენტებს 1921 წლის თებერვალ-მარტში გამართული იმ ბრძოლების ისტორია გააცნო, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. მან ქართული არმიის სარდლობის მიერ 1921 წლის 11-16 თებერვალს დაშვებულ შეცდომებზე და 24 თებერვალს, თბილისის დატოვების შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

როგორი იყო საერთაშორისო ვითარება ოკუპაციის წინ და აღმოჩნდა თუ არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იზოლაციაში - ეს საკითხები თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ისტორიის დოქტორმა ბექა კობახიძემ მიმოიხილა.

25 თებერვალი, როგორც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ტრაგიკული ფურცელი და მეხსიერების კულტურა იყო ისტორიკოსის, პუბლიცისტის და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, პროფესორ ლაშა ბაქრაძის ლექციის მთავარი თემა.