სიახლეები

თავდაცვის სამინისტროში იუნკერები გაიხსენეს

1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერები გაიხსენეს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს. იუნკერების ხსოვნას პატივი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმაც მიაგეს.

„ძალიან მიხარია, რომ აქ მდგომი აკადემიის მსმენელთა სახელი უკვე იუნკერია ეს ბოლო რამდენიმე წელია. ეს მათ არამარტო პატივს მატებს, არამედ მათგან დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. იუნკერი, იმ პერიოდშიც და ახლაც, ჩვენს გულებში და ჩვენს მეხსიერებაში, არის ტერმინი, რომლის ქვეშაც გაერთიანებული იყო ყველა სამშობლოსთვის მებრძოლი. იუნკერი ჩვენთვის ნიშნავს პატრიოტს, გმირს, თავისი საქმის პროფესიონალს და ასევე კარგ მაგალითს ჩვენი ახალი თაობისთვის,“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქვაჯვარი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან არის აღმართული. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული.

იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართული სპექტაკლი - „აფხაზეთი, ჩემი ტკივილი“. დადგმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელებმა წარმოადგინეს. სპექტაკლს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები დაესწრნენ.