საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანული მედიის წარმომადგენლები დღეს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებს გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის ჟურნალისტების, გაზეთების რედაქტორების, კორესპონდენტების, პოლიტიკური პარტიების, ფონდების პრესსამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 25-კაციან ჯგუფს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ გააცნო. სამხედრო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ კი გერმანელ სტუმრებს განათლების სარდალი ესაუბრა. მათი ძირითადი ინტერესი შეიარაღებული ძალების სამომავლო გეგმებთან ერთად, აგვისტოს ომის შედეგები და ამ შედეგების რეაბილიტაცია იყო. შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაზაზე მდებარე სიმულაციური ცენტრი მოინახულეს.
პროექტების მენეჯერის ებერჰარდ სუკერის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ვიზიტის მიზანი სწორედ საქართველოს უკეთ გაცნობა და ქვეყნის შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებაა. ”მოგვეცა შესაძლებლობა ოფიციალური პოზიცია მოგვესმინა და თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის კითხვებიც დაგვესვა. შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ძალიან ჭკვიანი და ძალიან კარგად მოსაუბრე ოფიციალური პირები ყავს,” განაცხადა სუკერმა.
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოში 15 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ვიზიტი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გერმანულ და ევროპულ მედიაში ქვეყნის განვითარების ტენდენციების გაშუქებას ისახავს მიზნად. 10 დღის განმავლობაში ჟურნალისტები ქართველ პოლიტიკოსებს, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაციის წევრები ევროკავშირთან, რუსეთთან და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობას შეისწავლიან და აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნობიან. დელეგაცია საქართველოში 25 სექტემბრამდე დარჩება. მსგავსი მისიით გერმანელი ჟურნალისტების მოგზაურობა საქართველოში პირველად 2007 წლის ივნისში შედგა. ვიზიტის ორგანიზატორი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკური განათლების სააგენტოა.