ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში სემინარი - „ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები“ გაიხსნა.
სემინარის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა ლექცია წაიკითხა თემაზე - „ჰიბრიდული ომი, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა“ , ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე და მასთან გამკლავების საშუალებებზე ისაუბრა.
კურსში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამდღიანი სემინარის განმავლობაში მსმენელებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საინფორმაციო ოპერაციების არსისა და მისი შემადგენელი ელემენტების თავისებურებების, თანამედროვე მიდგომებისა და ხერხების უპირატესობების შესახებ.
ტრენინგზე თეორიული მასალის გარდა პრაქტიკულ მაგალითებსაც განიხილავენ, ისაუბრებენ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„ჰიბრიდული ომის“ თემატიკაზე სემინარი პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.