სიახლეები

შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე იპოდრომზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. ყველა ასაკის წარმომადგენელზე გათვლილი სადღესასწაულო წარმოდგენა რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა. იპოდრომზე მიმდინარე სახალხო ზეიმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

„4 მაისს აღვნიშნეთ ჯარში, IV ბრიგადაში შეიარაღებული ძალების 25 წლისთავი და გვინდოდა, რომ ეს დღე მთელი საქართველოსთვისაც მიგველოცა. გუშინ მთელ საქართველოში ჩვენი შეიარაღებული ძალები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფორმით, ზოგან ტექნიკით, ზოგან მხოლოდ სამხედროებით, პატარებს ართობდნენ, იყო გამოფენები. დღეს უკვე თბილისში შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ ბავშვებს და ყველას ვუთხრათ, რომ ეს ღონისძიებები იქნება რეგულარული ხასიათის. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ კავშირი ჯარსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის, ეს არის ჩემი ამოცანა, ამას ემსახურება დღევანდელი დღე და ასეთი დღეები ძალიან ბევრი იქნება“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილეზე მისულ საზოგადოების წარმომადგენლებს სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობების პირების გარდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის ნახვაც შეეძლოთ.

ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელმა და ქართველმა სამხედროებმა საპარაშუტე შოუ მოაწყვეს, გამოიფინა „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამხედრო შინაარსის თამაშებში ჩართულიყვნენ. სპეციალურად მათთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტულმა ქვედანაყოფებმა წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებული, გასართობი ხასიათის ვერსიები წარმოადგინეს;

ორგანიზატორებმა პატარების მხიარულ განწყობაზე სხვა მიმართულებითაც იზრუნეს - მათ სახეები საქართველოს დროშებითა და სამხედრო სიმბოლოებით მოუხატეს.

სპორტული ღონისძიებებისთვის მოწყობილი იყო რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები. ასევე, AIR SOFT-ის სათამაშო მოედანი და სიმულაციური სასროლი.

სპეციალურად გამოყოფილ ისტორიულ კუთხეში აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ასევე გაიმართა იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება სამედიცინო კომპონენტსაც მოიცავდა. ექოსკოპიის კაბინეტში ნებისმიერ მსურველს შეეძლო რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება. ხოლო, ლაბორატორიის კაბინეტში ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობა დაედგინა; დაინტერესებულმა პირებმა პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ლექციაც მოისმინეს და რეანომობილის აპარატურა და სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს. გაიმართა კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი და სახალისო ცდები ჩატარდა ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა კი საკუთარი მიგნებების შესახებ დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს.

გაიმართა წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით და მოეწყო სამთო სწავლება. შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფის კომპანია კი შეიარაღებული ძალების იუბილეზე მოსულ სტუმრებს საკვებით და გაზიანი სასმელებით გაუმასპინძლდა.

დღის ბოლოს კონცერტი გაიმართა, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და ქართული მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ. შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე საპარაშუტე შოუთი დასრულდა.

ძველ იპოდრომზე გამართული ღონისძიებების მიზანი სამხედრო საქმის პოპულარიზაცია და ქართულ ჯარსა და ქართველ საზოგადოებას შორის მეტი სიახლოვის მიღწევაა.