ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკვირიანი პრაქტიკული საველე სწავლება „დასახლებულ რაიონში საბრძოლო მოქმედებები“ გაიარეს.
საველე სწავლების ფარგლებში, მსმენელებმა განახორციელეს სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობები, რაც მოიცავდა შენობის იზოლირებას, შენობასთან მიახლოებას, მოწინააღმდეგისგან გაწმენდასა და სხვადასხვა მეთოდებით დაჭრილთა ევაკუაციას.
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში/საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით.
კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები იღებენ ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას „ლეიტენანტი“ და ძირითადი სამხედრო განათლების მისაღებად სწავლას აგრძელებენ სპეციალიზაციის კურსებზე.