ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში ორთვიან სტაჟირებას გაივლის ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის IV კურსის კადეტი რობერტ იანგი.
აკადემიის მხარდაჭერით, სტაჟირების განმავლობაში ამერიკელი კადეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისსა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს ესტუმრება.
სტაჟირების ფარგლებში, ამერიკელი კადეტისთვის ასევე დაგეგმილია ორკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება. აღნიშნულ სწავლებას იგი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებთან ერთად გაივლის.
მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.