სიახლეები

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების ცერემონია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ, საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ, იუნკერთა ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, საბაკალავრო სკოლის პროფესორებმა და სამხედრო ინსტრუქტორებმა 104 კურსდამთავრებულ იუნკერს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის მიმართულებით მიენიჭა 40 იუნკერს, ხოლო მენეჯმენტის მიმართულებით - 64-ს.

აკადემიისა და საბაკალავრო სკოლის ხელმძღვანელობამ კურსდამთავრებულებს 4 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და კარიერულ გზაზე წარმატებები უსურვეს.

საბაკალავრო სკოლა ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

საბაკალავრო სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.