დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სასწავლო წელი დაიწყო. სამეთაურო-საშტაბო კურსის ოფიცრებს სწავლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა.
2016-2017 სასწავლო წელს, მისაღები გამოცდების შედეგად, კურსზე 40 ოფიცერი ჩაირიცხა. კურსის განმავლობაში ისინი სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. პროგრამა, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლიდან ხორციელდება, კოლეჯში არსებულ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამაზეა მორგებული.
სამეთაურო-საშტაბო კურსი 44 სასწავლო კვირისგან შედგება. მსმენელები გაივლიან კურსებს ლიდერობასა და მენეჯმენტში, საბრძოლო ოპერაციების საფუძვლებში, ბატალიონისა და ბრიგადის ოპერაციებში, სამხედრო კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში, სტაბილურობის შენარჩუნებასა და სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებში, თავდაცვის დაგეგმარებასა და პროგრამულ მენეჯმენტში, ომის თეორიასა და სამხედრო ხელოვნების ისტორიაში.
სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით დაფუძნდა. ხუთი წლის განმავლობაში სკოლა წარმატებით დაამთავრა 145 მსმენელმა, მათ შორის, 142 ოფიცერმა და 3 სამოქალაქო პირმა.