საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით აკადემიაში სტაჟირებას გაივლის ლიტვის სამხედრო აკადემიის IV კურსის მსმენელი, არნოლდას გინტაუტასი.
ლიტვის სამხედრო აკადემიის IV კურსის მსმენელის სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამეცნიერო-კვლევით ნაშრომს თემაზე „საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების დილემები“, რომლის ხელმძღვანელიც სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი არის.
აკადემიის მხარდაჭერით, 3 კვირიანი ვიზიტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით ლიტველ კადეტს საშუალება ექნება შეხვდეს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ექსპერტებს.
პროგრამის ფარგლებში დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ლიტვის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი, სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიცე-პოლკოვნიკ, ვასილ კოპეიკინს, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ნინო გეწაძესა და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოადგილეს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ლეკვეიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ლიტველი კადეტის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის პროგრამა, ასევე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.