დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში 3 კვირიანი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება გაიარა ლიტვის სამხედრო აკადემიის მეოთხე კურსის მსმენელმა, არნოლდას გინტაუტასმა.
სტაჟირების ფარგლებში, ლიტველი მსმენელი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ნაშრომზე „საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების დილემები“, რომლის ხელმძღვანელიც სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი იყო.
აკადემიის მხარდაჭერით, ლიტველი მსმენელი შეხვდა უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლებს. სტაჟირების ფარგლებში იგი იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში, სამეცნიერო კვლევით ცენტრში „დელტა“, უსაფრთხოების სექტორის სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.
კულტურულ-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ლიტვის სამხედრო აკადემიის მსმენელს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა თბილისის, მცხეთისა და ყაზბეგის ღირსშესანიშნავი ადგილები.
მსგავსი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.