დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომების (DELF) გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, სამხედრო ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომ და მისმა მოადგილემ, მაიორმა კლერ ბერტომ აკადემიის იუნკერებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს უცხო ენის კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შესაბამისი დიპლომები გადასცეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, აკადემიის ხელმძღვანელობა და ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ნუკრი გელაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამხედრო აკადემიებს შორის ურთიერთობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო, კიდევ უფრო ვითარდება. „ჩემი აზრით, ამ ცერემონიალის მნიშვნელობა არის ის მჭიდრო ურთიერთობები, რაც საქართველოსა და საფრანგეთს აკავშირებთ. ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ საჩხერის სამთო მომზადების სკოლასთან, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვენებს შორის საუკეთესო სამთო სკოლაა. 2010 წელს მას პარტნიორება მშვიდობისთვის ნატოს სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბრის თვეში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილზე ჩამოსული იყო საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი. გარდა სამთო მომზადებისა, საქართველოსთან საჰაერო თავდაცვის კუთხითაც ვთანამშრომლობთ და ვიმედოვნებთ, რომ ორი იუნკერი, რომელიც ამჟამად სტაჟირებაზე საფრანგეთში იმყოფება, მათგან ერთ-ერთი წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს და საფრანგეთის სენსირის კოეტკიდანის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხება, რომელიც სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი დიდი სამხედრო სკოლაა“, - აღნიშნა ელჩმა პასკალ მენიემ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფრანგული ენა 2014 წლის მარტიდან ისწავლება. უკვე მესამე წელია აკადემიის იუნკერები აქტიურად იღებენ ტესტირებაში მონაწილეობას და შესაბამის დიპლომებით ჯილდოვდებიან.