ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე უხელმძღვანელებს დღეიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ აკადემიის თანამშრომლებსა და იუნკერებს ახალი რექტორი დღეს წარუდგინეს და აკადემიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძეს სამხედრო განათლების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მუშაობდა გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. მონაწილეობდა ერაყში მშვიდობისა და აღდგენის ოპერაციაში, ასევე ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების მისიაში (ISAF).
ზაზა ჯაფარიძემ სამხედრო განათლება აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯში მიიღო. 2009 წელს ესტონეთში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სწავლობდა, ხოლო 2004 წელს -თურქეთში ჟანდარმერიის სკოლაში. გავლილი აქვს ასევე, სხვადასხვა სამხედრო კურსი ფინეთში, გერმანიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.
ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძის დანიშვნამდე აკადემიის რექტორის მოვალეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი ასრულებდა. ამჟამად, ვიცე-პოლკოვნიკი კოპეიკინი აკადემიაში თავის საქმიანობას დაუბრუნდა და კომენდანტის თანამდებობაზე განაგრძობს სამსახურს.