ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის პირველი და მეორე კურსის იუნკერებისთვის, დღეს, ლევან ახობაძისა და გიორგი მოლოდინაშვილის დოკუმენტური ფილმის „დამოუკიდებლობის 1005 დღე“ ჩვენება გაიმართა.
ფილმში მოვლენები ძირითადად, 1920 წლის მიწურულსა და 1921 წლის დასაწყისში ვითარდება, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მიერ მომზადდა და განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. ფილმში ასევე ასახულია, იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკერების მოღვაწეობა და კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სწორედ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ატარებენ „იუნკერის“ სახელს.
აღნიშნულმა ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში, რადგან მათ საშუალება მიეცათ უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ იმ გმირი იუნკერების მოღვაწეობას, რომელთა სახელსაც ატარებენ.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 1919-21 წლებში დაღუპული გმირების პატივსაცემად აკადემიაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.