საქართველოში ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ სელესტ ვალანდერი იმყოფება. თავდაცვის მდივნის თანაშემწე დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ესწრებოდა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შეერთებული შტატების მთავრობის სახელით სელესტ ვალანდერმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სამძიმარი გამოთქვეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების გამო.
“ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოვხატეთ მწუხარება ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმ გაწეული წვლილისათვის, რაც თქვენს ქვეყანას შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოების მისიაში ავღანეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას გაღებული მსხვერპლისათვის. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროსთან და გავაუმჯობესებთ წვრთნას და საქართველოს ISAF –ის ოპერაციაში მონაწილეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უღრმესი მადლობა და ვწუხვართ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო.”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ დოქტორ სელესტ ვალანდერმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დოქტორი სელესტ ვალანდერი და აშშ-ს ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილე ადმირალი მარკ მონტგომერი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტმურნენ. სტუმრებმა აკადემიის მსმენელებთან და ოფიცერთა შემადგენლობასთან შეხვედრა გამართეს. მათ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, თავდაცვის რეფორმებისა და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია ხვალ შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროში გამართავს.