დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთის კაროლ პირველის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი, პოლკოვნიკი გეორგე კალოპარეანუ.
ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკ კალოპარენაუს აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და რექტორის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი შეხვდნენ.
აკადემიის რექტორმა რუმინელ კოლეგას ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებაზე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის დონეზე ინსტრუქტორების გაცვლითი პროგრამის დაგეგმვისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მრავალეროვანი ოპერაციების დეპარტამენტთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.