სიახლეები

შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამა დასრულდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი სერჟანტებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სამეთაურო მომზადების პროგრამის ფარგლებში, სერჟანტებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეხვდა. გენერალი სერჟანტებს ლიდერობასა და მენეჯმენტზე ესაუბრა. მან ასევე განიხილა შეიარაღებულ ძალებში სტრატეგიული სამხედრო ლიდერის როლი და მისთვის დამახასიათებელი თვისებები. პროგრამის მონაწილეებს ჰიბრიდული ომების, სამართლებრივი საკითხებისა და დაქვემდებარებულ პირებზე ზეგავლენის მოხდენის პროცესების შესახებ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესაუბრნენ. სამეთაურო მომზადების პროგრამაში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობებისა და ბრიგადების მთავარი სერჟანტები იღებდნენ. ერთკვირიან სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.