სიახლეები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.  სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას აკადემიის იუნკერებთან  ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედის“ და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები იღებდნენ.

კონფერენცია აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ გახსნა.

კონფერენციის ფარგლებში იუნკერები და სტუდენტები გადანაწილებულნი იყვნენ ეკონომიკურ, მენეჯმენტის,  თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მეცნიერებათა სექციებში, სადაც განიხილეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები, სიღარიბე და მისი დაძლევის გზები, აკადემია ქსელის და ქსელის გარეშე, უკაბელო ქსელები ყოველდღიურ ცხოვრებაში, საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო გადაზიდვების პოტენციალი, ბრენდინგი, ინტერნეტ მარკეტინგი, ანტიკრიზისული მენეჯმენტის დადებით ეფექტებთან დაკავშირებული საკითხები. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ეზოთერიზმზე, ქართული ცივილიზაციის როლი მსოფლიო ეკონომიკაში, საზოგადოებრივი აზრის მართვის საშუალებებსა და შეიარაღებულ ძალებში მარაგების როლის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს  იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით, წარმოადგინონ კვლევის შედეგები და შესაბამისი დასკვნები.