სიახლეები

აკადემიაში იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა მიმდინარეობს

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა მიმდინარეობს. ოთხი დღის განმავლობაში იუნკერები კომისიის წევრებს წარუდგენენ ნაშრომებს ინფორმატიკისა და მენეჯმენტის მიმართულებებით.

საბაკალავრო ნაშრომებს ინფორმატიკის მიმართულებით  32 იუნკერი, ხოლო მენეჯმენტის მიმართულებით - 63 იუნკერი იცავს.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს, იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხება ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე შეიარაღება და გისი, ხიდების საველე შეფასება, ნანოტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები, მცირე ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელი, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობა, ინოვაციური მეწარმეობა,  ლიდერობის კლასიკური და თანამედროვე თეორიები, მარკეტინგის სტრატეგია და მისი სივრცე, ტურიზმი და მისი საორგანიზაციო საკითხები და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.